5 რამ, რაც აუცილებლად უნდა გასინჯო სვანეთში |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Georgian Food > 5 რამ, რაც აუცილებლად უნდა გასინჯო სვანეთში

5 რამ, რაც აუცილებლად უნდა გასინჯო სვანეთში

ხანდახან გენიალურობა რომ სიმარტივეშია, ამაზე ჯერ კიდევ საუკუნეების წინ შეთანხმდნენ. სვანურ საჭმელს რომ გასინჯავ, ეს ფრაზა აუცილებლად გაგახსენდება: ნაკლებად კრეატიული, მაგრამ ძალიან გემრიელი.

სვანური კერძების უმრავლესობა კარტოფილი, ყველისა და ცომის ვარიაციებია. ყველი მჭადის ცომში, ყველი კარტოფილში, ყველი და კარტოფილი ცომში და ა.შ. მიზეზი გასაგებია. ზღვის დონიდან 2000 და მეტი მეტრის სიმაღლეზე ბუნება მაინცდამაინც დიდ არჩევანს არ გთავაზობს.

(აქვე: სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია გამოქვეყნდა აქ)

ადგილობრივებს სჯერათ, რომ კარტოფილით გაკეთებული სვანური კერძების გემრიელობის მიზეზი განსაკუთრებული კარტოფილია, რომელიც იქ მოდის, ან განსაკუთრებული მიწა, რომელშიც ეს კარტოფილი მოდის, ან სულაც ჰაერი, რომელზეც ამ ყველაფერს ჭამ. სრულიად შესაძლებელია, ეს სიმართლე იყოს, ადგილობრივი კარტოფილი მართლა ძალიან გემრიელია, კალორიების თვლა იქ უნდა დაივიწყო.

თაშ’მ’ჯაბ (თაშმიჯაბი)

სვანურად „თაშ“ ყველია, „მ’ჯაბ“ კი მოხარშულს ნიშნავს. უფრო სწორად რომ გვეთქვა, ეს კარტოფილის თაშ მ ჯაბია, ზემო სვანეთში შუშასაც ეძახიან.

სვანური კერძებიდან ერთერთი ყველაზე მარტივია. მოხარშულ კარტოფილს რძეში კარგად ჩაზელენ, ერთგვაროვან პიურედ რომ იქცევა სახაჭაპურე ყველს ჩააჭრიან და სწრაფად, მდუღარეს ამოზელენ ელარჯივით. ყველი რომ კარგად გაიწელოს, ახალგაზრდა უნდა იყოს, აი ისეთი, სულგუნი რისგანაც კეთდება. ჭყინტი სულგუნითაც შეიძლება, მაგრამ გემო სხვაა. საოცრად გემრიელია. იჭმევა ცალკე, ან პურთან ერთად.

(ფოტოებზე: თბილისში ჩემი გაკეთებული (ზემოთ) და მესტიაში ნინელი ჯაფარიძის (ქვემოთ) გაკეთებული თაშმიჯაბი)

დაიმახსოვრეთ, თუ სადმე თაშმიჯაბი შეუკვეთეთ და თხელი პიურე მოგიტანეს, რომელიც თითქმის არ იწელება, უბრალოდ მოგატყუეს.

კუბდაარ (კუბდარი)

კუბდარი მაგარ, კრაწუნა ცომში გახვეული ხორცის ნაჭრებია. ხორცი შეიძლება იყოს მხოლოდ საქონლის, ან შერეული ღორთან ერთად.  ხორცი წინასწარი იჭრება საშუალო ზომის ნაჭრებად და კარგად ზავდება სვანური სუნელებით, ნივრითა და ხახვით.

ჭვიშტაარ (ჭვიშტარი)

ჭვიშდარი, ჭვიშტარი და ჭვიშტაარი – როგორც გინდათ, მოიხსენიეთ. ეს ყველიანი მჭადებია, თითქმის თანაბარი ოდენობის მჭადის ფქვილი და სახაჭაპურე ყველი (დამტვრეული და არა დახეხილი) ერთმანეთში ერევა და კვერცხთან ერთად მოზელილი ცხელ ტაფაზე, როგორც წესი, ზეთში ცხვება. სასწაულად გემრიელია კიტრისა და პამიდვრის სალათთან ერთად.

ფეტვრაალ (ფეტვიანი ხაჭაპური)

ეს პრინციპში ჩვეულებრივი ხაჭაპურია, ოღონდ რატომღაც ზემო სვანეთში დაფქულ ფეტვს ამატებენ ყველის გულში. სვანებსაც ხომ უნდოდათ თავისი ხაჭაპური? :) გამომცხვარზე ოდნავ მწვანე წინწკლებიანი გული აქვს. ღირს გასინჯვა :)

კარტოფლაარ (ანუ კარტოფილიანი ხაჭაპური)

როგორც გითხარით, აქაური სამზარეულო კარტოფილის და ყველის გარშემო ტრიალებს. სვანური კარტოფილის ხაჭაპურიც ზუსტად ისაა, რაც გაიფიქრეთ. ხაჭაპურის გულში ყველთან ერთად ერთი იმდენი გატარებული კარტოფილიც ერევა. ასეთ ხაჭაპურს გული ბარაქიანად უნდა ჰქონდეს, რომ გაჭრი – გადმოდიოდეს. ფეტვიანისგან განსხვავებით, კარტოფილიანი პური უფრო ხშირად კეთდება ქვემო სვანეთში (ლენტეხის რაიონში).

და ბოლოს,

კანაფის პური

არა, სამწუხაროდ ამას ვეღარ გასინჯავთ. კანაპის თესლისგან გაკეთებული პასტა პურის გულში იდებოდა და ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო, როგორც გემრიელი და როგორც ენერგიის მოსამატებელი :) ეს მაშინ იყო, როცა კანაფისგან სვანეთში ძაფიც მზადდებოდა და რძეც. თუ სადმე წააწყდებით, მეც მითხარით. მეც ძალიან მაინტერესებს როგორი გემო ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top