თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > ჯანჯაფილის საშობაო ნამცხვარი – თაფლაკვერები

ჯანჯაფილის საშობაო ნამცხვარი – თაფლაკვერები

ეს სრულიად არაჩვეულებრივი რეცეპტი და ფოტოები მოგვაწოდა მილენა მითაგვარიამ, რისთვისაც დიდი მადლობა მას! <3  
ინგრედიენტები ცომისთვის:
  • 250 გ ყავისფერი შაქრის ფხვნილი;
  • 250 გ ღია ფერის ნატურალური თაფლი ან ე.წ. მელასა (molasses);
  • 150 გ კარაქი;
  • 550 გ ხორბლის ფქვილი (საცხობი);
  • 1 კვერცხი;
  • 1 ჩ.კ. სოდა;
  • 1 ს.კ. რომი ან კონიაკი;
  • 1 ს.კ. ან 1 პაკეტი ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა;
  • 1 პაკეტი ვანილინის შაქარი;
  • 25 გ კაკაოს ფხვნილი;
  • მშრალი / დაფქვილი სპეციების ნაზავი პრიანიკებისთვის: დარიჩინი (cinnamon), მიხაკი (cloves), ჯანჯაფილი (ginger), ილი (cardamom), ჯავზი (nutmeg); ჩამოთვლილი სუნელები შეურიეთ თანაბარი რაოდენობით და შემდეგ გადაზომეთ 2 ჩაის კოვზი;
  • ცომის საჭრელი სხვადასხვა ფორმები.

ცომის მომზადება:
  1. თაფლი (მელასა), კარაქი და შაქარი მოათავსეთ მცირე ზომის ქვაბში და შედგით დაბალ ცეცხლზე გასაცხელებლად. განუწყვეტილივ ურიეთ, სანამ შაქარი არ დადნება. არ ადუღოთ! გადაასხით მასა დიდ ჯამში და დატოვეთ, რომ განელდეს.
  2. ამასობაში მოამზადეთ სანელებლების ნაზავი. ერთ თეფშზე ან ფიალაზე გაცერით დაახლოებით 1/2 ჩაის კოვზი თითოეული სპეციისა: დარიჩინი (корица), მიხაკი (гвоздика), ჯანჯაფილი (имбирь), ილი (кардамон) და ჯავზი (мускат). კარგად აურიეთ ერთმანეთში ყველა, რომ ერთიანი ნაზავი გამოვიდეს.
  3. ცალკე ჯამში გაცერით ფქვილი და კაკაო, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი სანელებლების ნაზავი, ვანილინის შაქარი და ცედრა. კარგად აურიეთ.
  4. თუ თაფლის მასა უკვე განელდა, ჩაამატეთ ფქვილის მთლიანი რაოდენობის ნახევარი და ფრთხილად დაიწყეთ ცომის მოზელვა (ამისათვის მიქსერის სპირალისებური წამოსაცმელები გამოიყენეთ). ჩაამატეთ კვერცხი და გააგრძელეთ მიქსერით მუშაობა.
  5. პატარა ჭიქაში ჩაყარეთ სოდა, გააზავეთ რომით ან კონიაკით. ჩაასხით ცომში, დაამატეთ დარჩენილი ფქვილი (სულ ცოტა ფქვილი მოიტოვეთ ცომის გასაბრტყელებლად) და მოზილეთ მიქსერით მანამ, სანამ ცომი არ დაიწყებს ჯამის კედლებიდან მოშორებას. კონსისტენციით ცომი დაემსგავსება ძალიან სქელ პლასტილინს, რომელიც პრაქტიკულად არ ეკრობა ხელს.
  6. კარგად მოზელილი ცომი გაყავით ორ გუნდად, შემდეგ თითოეული გუნდა სულ ოდნავ გააბრტყელეთ ხელით და ჰერმეტულად შეახვიეთ პოლიეთილენის ფირში. ამგვარად მომზადებული ცომი დატოვეთ მაცივარში მინიმუმ ერთი ღამით, თუმცა უმჯობესია მეტი ხნითაც (საჭიროების შემთხვევაში, ერთი კვირის განმავლობაშიც შეინახება).

გამოცხობა:
  1. გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსამდე.
  2. ცომი ამოიღეთ მაცივრიდან, ნელ-ნელა გააბრტყელეთ ხის დაფაზე დაახლოებით 3 მილიმეტრიან სისქეზე და ამოჭერით ფორმებით სხვადასხვა ფიგურები. ცომთან მუშაობა ძალზე სასიამოვნოა, იგი პლასტელინივით ელასტიურია და არაფერს ეკრობა. ამოჭრის შემდეგ დარჩენილი ცომის ნაკუწები ისევ შეაწებეთ, გააბრტყელეთ და კვლავ გამოჭერით ფიგურები. ასე გააგრძელეთ მანამ, სანამ არ გამოლევთ ცომს. ცომის ფიგურები უნდა მოათავსოთ ქაღალდმოფენილ საცხობ ტაფაზე (სპეციალური საცხობი ქაღალდები რომ იყიდება, ის გამოიყენეთ) ისე, რომ ნამცხვრებს შორის ერთსანტიმეტრიანი მანძილი მაინც იყოს – გამოცხობისას ფიგურები ოდნავ გადიდდება.
  3. გამოაცხვეთ ზუსტად 10-11 წუთის განმავლობაში და ძალიან ყურადღებით იყავით; თუ ნამცხვარი გამუქდა კიდეებზე – ესე იგი ზედმეტი მოუვიდა (ასეთი “პრიანიკები” მაინც გემრიელია, თუმცა ძალიან მსხვრევადი). გაითვალისწინეთ, რომ ნამცხვრების ფერი გამოცხობისას პრაქტიკულად არ იცვლება, ამიტომ თვალით ვერასოდეს შეატყობთ მზაობას. მხოლოდ დროის ზუსტი გაზომვაა საშველი. :)
  4. გამომცხვარი თაფლაკვერები თავიდან რბილია, თუმცა სულ რამდენიმე წუთში გამაგრდება, და შეძლებთ ისინი ქაღალდიდან ხის დაფაზე გადაიტანოთ.
ანალოგიურად გააბრტყელებთ და გამოაცხობთ დარჩენილ ცომსაც.
რჩევა: გამოცხობის წინ კოქტეილის საწრუპავი მილით ამოჭერით ფიგურებში ნახვრეტი. შემდგომში ამ ნახვრეტში ან ლენტს გაუყრით, ან მავთულს და ნაძვის ხის მოსართავად გამოიყენებთ.

მორთვა:
თაფლაკვერების მორთვა-გალამაზება შეგიძლიათ მაშინ, როდესაც საამისოდ მოიცლით. მორთვის გარეშეც ძალიან გემრიელი და არომატულია, თუმცა ძალიან გირჩევთ მინანქარი მაინც წაუსვათ, რომელიც სირბილეს და არომატს შემატებს. თუ უფრო მეტი შრომის და მონდომების ჩადებისთვის ხართ მზად, მაშინ როიალ აისინგსაც შეეჭიდეთ, რომლითაც შეძლებთ ნამცხვრების ლამაზად მოხატვას. პირველივე ცდით შესაძლოა შედევრები ვერ მიიღოთ, თუმცა თითოეული მომდევნო ნამცხვარი წინაზე უკეთესი გამოვა.
მორთვა ლიმონის მინანქრით: 250 გ შაქრის პუდრს ნელ-ნელა, თითო ჩაის კოვზი ლიმონის წვენი უნდა დაუმატოთ და ყოველი დამატების შემდეგ კარგად ამოურიოთ, სანამ არ მიიღებთ თხელი თაფლის კონსისტენციის მასას. მინანქრით ნამცხვრების მოხატვა არ გამოვა, ის უბრალოდ უნდა წაუსვათ ნამცხვრის მთლიან ზედაპირზე და შემდეგ ჯერ კიდევ სველს მოაყაროთ ზემოდან ფერად-ფერადი შაქრის კრისტალები, მარგალიტები, შოკოლადის წვრილი ნახერხი და ა.შ.  გაშრება და მორთულობაც კარგად ჩამაგრდება.
მორთვა როიალ აისინგით: ხელის სათქვეფით ან დაბალსიჩქარიანი მიქსერით ათქვიფეთ 2 კვერცხის ცილა+2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი+შაქრის პუდრი. შაქრის პუდრი უნდა დაამატოთ იმდენი, რამდენიც საჭიროა საკმაოდ სქელი მასის მისაღებად. აისინგის ადეკვატური კონსისტენციის დასადგენად გამოიყენეთ 10 წამის წესი: დაუსვით ათქვეფილ მასას ბასრი დანა (საკმაოდ ღრმად) და დათვალეთ, რამდენ წამში გაქრება მისი კვალი. კვალი არ უნდა გაქრეს ძალიან უცბად და 10-12 წამი უნდა გაძლოს. მხოლოდ ასეთი აისინგით შეძლებთ წვრილი და მკვეთრი ხაზების გავლებას. ზოგადად აისინგის სისქის რეგულირება იოლია: თუ ძალიან სქელი გამოვიდა და კულინარული მილაკებიდან რთულად გადმოდის, წყდება და ა.შ. — ოდნავ გააზავეთ ლიმონის წვენით ან სულაც წყლით (ძალიან ფრთხილად, თითო წვეთი უნდა ჩაამატოთ). თუ, პირიქით, აისინგი თხელია და ფორმას ვერ ინარჩუნებს, მაშინ შაქრის პუდრი შეურიეთ და გაამკვრივეთ. როიალ აისინგის მომზადების შესახებ სასარგებლო ვიდეო იხილეთ შემდეგ ბმულზე:   https://youtu.be/nsy3VO3hDAY
როიალ აისინგით ნამცხვრების მოხატვისთვის დაგჭირდებათ კულინარული ტომრები და მილაკები (0, 1 და 2 ზომის). სიტყვიერ აღწერას სჯობს მიმართოთ იუთუბს და ნახოთ უამრავლი ვიდეო როიალ აისინგის მომზადების და შემდგომ ნამცხვრების დეკორირების შესახებ. საძიებო ველში Christmas cookies decoration აკრიფეთ და ისიამოვნეთ.
გაამოთ!

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top