თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > წარმოუდგენლად მარტივი და გემრიელი ისპანახის სალათა

წარმოუდგენლად მარტივი და გემრიელი ისპანახის სალათა

საქართველოში რატომღაც  ისპანახს მხოლოდ ფხალის, ზოგჯერ კი სუპის სახით აღიარებენ და მიირთმევენ. მისი სალათებში გამოყენების იდეა ბევრს არ ხიბლავს. თითქოს და რა უნდა იყოს ისპანახის სალათა? მაგრამ არის! მერწმუნეთ ღირს გასინჯოთ. მთავარია ქორფა, ახალი, საღი ისპანახის ფოთლები იშოვოთ, ღეროც რომ არ გამაგრებია, ისეთი. სალათებში სწორედ ასეთი ისპანახი გამოიყენება და ძალიან გემრიელიცაა.

დღევანდელი სალათის რეცეპტის წყაროა Allrecipes.com. რეცეპტი ოდნავ შევცვალე: მომეჩვენა რომ მეტისმეტად ბევრ შაქარს შეიცავდა სოუსი და თითქმის გავანახევრე. ასევე ვცადე როგორც კარაქში მოხალული ნუშით, ასევე მშრალად მოხალულით და ვფიქრობ კარაქის სახით ზედმეტი კალორიები არც თუ ისე აუცილებელია,  რაიმე განსაკუთრებული გემო ან ტექსტურა არ აქვს.

_DSC0200-(1)

მაშ ასე, გთავაზობთ რეცეპტის ქართულ, ჩემს მიერ ადაპტირებულ ვერსიას:

4 ულუფისთვის

200-250 გ ისპანახის ქორფა ფოთლები

1/2 ჭიქა შტოშის (cranberry) ჩირი

1/3 ჭიქა დათლილი ნუში

1 ჩ.კ ყაყაჩოს თესლი (საქართველოში, ბუნებრივია, გამოტოვებთ)

1/4 ჭიქა შაქარი

1 ს.კ წვრილად დაჭრილი წითელი ხახვი

1/4 ჭიქა თეთრი ძმარი (მე გამოვიყენე ღვინის, 5%-იანი)

1/4 ჭ ზეთი(ნებისმიერი, რაც გსურთ)

1 ს.კ სეზამის მარცვლები, სასურველია მოხალული.

მარილი

ცოტა პაპრიკა

 

მოხალეთ ნუში. ერთმანეთში აურიეთ ყველაფერი, პირველი სამი ინგრედიენტის გარდა: ზეთი, ძმარი, შაქარი, მარილი, ხახვი, პაპრიკა, ყაყაჩოსა და სეზამის თესლი. ეს სოუსი მოასხით ისპანახს უშუალოდ სერვირების წინ, კარგად ამოურიეთ, გადაიტანეთ თეფშზე, მოაყარეთ შტოშის ჩირი და ნუში.

spinach-salad

გემრიელად მიირთვით!

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top