თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > შაკშუკა – მარტივი და გემრიელი

შაკშუკა – მარტივი და გემრიელი

ეს კერძი ძალიან ჰგავს ჩვენებურ ჩიჟი-ბიჟის ან უფრო მეტად – აჭარულ ჩირბულს (რომელსაც ნიგოზიც ემატება).

შაკშუკა ხმელთაშუაზღვის გარშემო და ჩრდილო აფრიკის კონტინენტზე გავრცელებული კერძია. შესაძლოა ჩვენთანაც იქიდან შემოვიდა, ან უბრალოდ great minds think alike, რა არის დაუჯერებელი, რომ ეს მარტივი და გემრიელი კერძი ერთდროულად მოეფიქრებინათ საქართველოშიც და აფრიკაშიც :D

მოკლედ, წარმოგიდგენთ შაკშუკას, შესანიშნავი კულინარის, მაკა ბახბავას რეცეპტით.

ინგრედიენტები

4-5 კვერცხი

4-5 კარგად დამწიფებული პომიდორი

1 ბულგარული წიწაკა

1 ½ ს/კ ტომატის პასტა

1 კბილი ნიორი

½ ჭიქა ფეტა ყველი (ჩვენებული ჭყინტიც ძალიან მოუხდება, თუ ფეტა არ არის)

1 ხახვი

1 ჩ/კ ძირა

½ ჩ/კ პაპრიკა

ნიახური

ზეითუნის ზეთი, მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით.

მომზადება

საშუალო ზომის ცოტა ღრმა ტაფაზე ზეითუნის ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ბულგარული წიწაკა

დაამატეთ ნიორი, ტომატის პასტა, წვრილად დაჭრილი პომიდორი, პაპრიკა, ძირა, მარილი და წიწაკა გემოვნებით.

დაახლოებით 15 წუთი დაბალ ტემპერატურაზე გააჩერეთ, ცოტა წვენი რომ აორთქლდეს.

4-5 ღრმული გააკეთეთ და დაამატეთ კვერცხი თითოეულ ღრმულში.

დაახლოებით 10 წუთი დაბალ ტემპერატურაზე გააჩერეთ, კვერცხის გული უნდა იყოს თხევადი.

რომ დამზადდება, მოასხით ცოტა ზეითუნი, მოაყარეთ ფეტა ყველი და ნიახური.

 

მაკას სხვა რეცეპტები შეგიძლიათ ნახოთ მის ფეისბუქ-გვერდზე და რამდენიმე – ჩვენს ბლოგზეც (აჭარული ხაჭაპური და ბატკნის ბეჭი პიტნით და როზმარინით).

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top