თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Video > ყველა გზა რომში მიდის

ყველა გზა რომში მიდის

ევროპის ბევრ დიდ ქალაქში ვარ ნამყოფი და უკვე მეგონა რომ ყველა ქალაქი ერთნაირია, მომბეზრდა და ბევრი აღარაფერი მომხიბლავდა. რომში ეს წარმოდგენა შემეცვალა.

რომი იდეალური ქალაქია მშვიდი მოგზაურობის მოყვარულთათვის. გემრიელად ჭამა ხომ გიყვართ? თუ ცოტა რომანტიული განწყობაც გინდათ, მაშინ ზუსტად იქ მოხვდებით, სადაც საჭიროა:

Eat. Travel. Love.

რა უნდა მოგიყვეთ ისეთი, რასაც ინტერნეტში ვერ იპოვით, მაგრამ ვეცდები განწყობა მაინც შეგიქმნათ :)

უზარმაზარ ქალაქში საოცარი სივრცის გადალახვა ფეხით შეგიძლია ისე, რომ ვერც იგებ, დრო და მანძილი როგორ იფარება. სანამ რუკაზე ვეძებდით, მეტროთი მეორე დღეს როგორ მივსულიყავით კოლიზეუმამდე, მოვიხედეთ და უკვე კოლიზეუმთან ვიყავით.

შეიძლება ჩემსავით საოცრად “გაგიმართლოთ” და ყველაზე პაპსა ამერიკული მუსიკა გაჰკიოდეს ქუჩაში, რაც დიდად ვერ გიქმნის იტალიურ განწყობას, ან სადმე ფრანგულ ბგერებს აჟღერებდეს აკორდეონისტი, მაგრამ მაინც უხდება იქაურობას  :)

რომში საოცრად ბევრი ტურისტია და საოცრად ბევრი ადგილობრივიც, რაც ძალიან განასხვავებს პარიზისგან, ლონდონისგან და ტურისტებით გადაჭედილი ბევრი სხვა ქალაქისგან, სადაც ტურისტულ ადგილებში სულ შენნაირი ტურისტები დაბორიალებენ და ავთენტურობის შეგრძნებას შენობებიღა გიქმნის.

ულამაზესი ბაღის და რომიდან ხედის სანახავად აუცილებლად უნდა ახვიდეთ ავენტინოზე. აი ლევან ვასაძე საიდანაც გვიქადაგებს ხოლმე სიბრძნეებს, ასტრალში გაჭრილი, სწორედ იქ 😁 <3 მზის ჩასვლას თუ დაელოდებით, არ იქნება ცუდი აზრი.

პატარა ქუჩები, რომელსაც მთების წვერამდე აყავხარ, რაღაც საოცრად წყნარი და ულამაზესია. აქა იქ მონაზონი შეგხვდება, საქმიანი და გაცისკროვნებული სახით, მგონი აქ ძირითადად ცოტა ზეცაში აწეული ხალხი ცხოვრობს :D

რომის ქუჩებში ყველა ფეხის ნაბიჯზე ფანტანია. ფანტანს როცა ვამბობ, იგულისხმება, რომ ყველგან შეიძლება სუფთა ცივი წყლის დალევა, რაც ტურისტისთვის დიდი შეღავათია მათ შორის ფინანსურადაც. პარიზის და ამსტერდამისგან განსხვავებით ორი-სამი ევროს გადახდა თითო ბოთლში არ გიწევს და ცივი წყალი მუდმივად გაქვს.

ტრევის ფანტანიდან წყალს ვერ დალევ, მაგრამ აქ რამდენიმე საათი აუცილებლად უნდა გაატარო, ამაზე შთამბეჭდავი ცოტა რამ მინახავს <3 . თუ ტურისტების დაღლასაც დაელოდები (თუმცა ისინი არასდროს იღლებიან!), შეიძლება ცოტა წყნარადაც მოახერხო ფანტანთაც ჩამოჯდომა.

ყველა ფეხის ნაბიჯზეა ნაყინიც. ყველა ნაყინს ჭამს, დიდი და პატარა, ყველგან რიგია. სახეზეც ნაყინს იზელენ, თმაშიც, ზოგს ორივე ხელში ნაყინი უჭირავს.

ნაყინი აქ საკმაოდ იაფია და ძალიან გემრიელია. უბნის მაღაზიასთან რომ პატარა კუთხეში ნაყინია, ისიც გემრიელია, თუმცა რამდენიმე ცნობილი ადგილი მაინც არსებობს, სადაც უნდა შეიარო.

ნაყინს აქ კოვზით ბურთებივით არ იღებენ, ჯერ რაღაცნაირად თქვეფენ და შემდეგ შენს თვალწინ ძერწავენ. ძალიან ლამაზი სანახავია.

ნაყინის გამყიდველი ისე შინაურულად გამოგელაპარაკება ან შეიძლება წაგეფლირტავოს კიდეც და ამას ისე ბუნებრივად გააკეთებს, რომ მაშინვე იგრძნობ სხვაობას, არ ხარ ცივ ევროპაში, აქ სხვა სისხლის ხალხია.

Venci ნაყინის ერთერთი საუკეთესო ქსელია (ერთერთი მათგანი ტრევის ფანტანთან ძალიან ახლოსაა), თუმცა იქაურ “დიდუბეში” იქაურ “ლაღიძესაც” იპოვით, სანაყინე – ჯელატერია G.Fassi, სადაც სულ სხვანაირი ნაყინი აქვთ, ბავშვობის გემოთი.

Fassi-ში გირჩევთ, გაყინულ ნამცხვრებს არ მიეძალოთ, ნაყინისგან განსხვავებით დიდი არაფერია.

ერთი, რაც ჩემი აზრით, უნდა გაითვალისწინო, ტურისტულ ადგილებში ტურისტების მიერ ნაქებ რესტორნებს უნდა მოერიდო. კი ყველა კარგია, ყველგან გემრიელად ამზადებენ, მაგრამ იქ სადაც ადგილობრივები დადიან ყოველთვის ბევრად უკეთესია.

მოგზაურთა კლუბში დაწერილი რჩევების მიხედვით ნახევარი ქალაქი გადავლახეთ და პიცერია Forum-ში მივედით. ცუდი არ იყო, მაგრამ ცარიელი იყო და მაშინვე მივხვდი რომ სხვაგან მოხვდით.

სამაგიეროდ ტრასტევერეზე ადგილობრივების დიდი რიგი სადაც დავინახეთ, არ დაგვეზარა, რიგში ჩავდექით და ნამდვილი იტალიური ავთენტური კერძებიც სწორედ იქ მოგვიტანეს, Tonnarello-ში.

ყოველთვის ვამბობდი რომ მე არ მიყვარს პიცა. მართლა არ მიყვარს. ყოველთვის მესმოდა, რომ პიცის ცომი თბილისში არსად არ ვარგა. ასე ყოფილა. ლავაშზე გამომცხვარი პიცა ის არ არის, რაც უნდა იყოს, ხრაშუნა ხორკლიანი ცომი, რომელსაც იტალიაში ყველა ფეხის ნაბიჯზე ამზადებენ სულ სხვაა და ჩემნაირსაც კი შეაყვარებს პიცას. აქ კიდევ სანთლით უნდა ეძებო.

როგორც მივხვდი, იტალიაში ბევრს ჭამენ. ამერიკის მერე არ მეგონა, თუ ბევრი ჭამა გამიკვირდებოდა. პორციები აქაც საკმაოდ დიდია, მაგალითად თითო პიცას თითო ადამიანი ჩვეულებრივად უკვეთავს, რაც ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო. უკვირდათ ოფიციანტებსაც, ნახევარ საჭმელს რომ ვტოვებდით. ასევე ძალიან დამცინეს black coffee რომ მოვითხოვე, უფრო სწორად ისე შემომიღრინეს, ეგრევე გადავაკეთე, ესპრესო მინდათქო, არადა ამერიკანო მინდოდა, მაგრამ მაგას როგორ ვიტყოდი, მხოლოდ აეროპორტში გავბედე ამერიკანოს ხსენება 😁

ამის იქით არის მუზეუმები, სადაც შესვლა წინასწარ კარგად უნდა დაგეგმოთ, ადრე გაიღვიძოთ, რომ რიგებს გადაურჩეთ და სხვა რამეებისთვისაც დაგრჩეთ დრო, მაგრამ კულინარიული ბლოგისთვის ძალიან გამიგრძელდება პოსტი, დანარჩენი თავად ნახეთ, მით უმეტეს, რომ ფრენები საქართველოდან იტალიის მიმართულებით კიდევ უფრო მომრავლდა.

პ.ს. ეს ადგილები ცოტა თბილისს ხომ ჰგავს? მარჯანიშვილს და გალაკტიონის ხიდს :D

პ.პ.ს. ამბობენ, რომ თუ ტრევის ფანტანში ხურდას ჩააგდებ, რომში აუცილებლად დაბრუნდები. მე მაინც მარკეტინგული ხრიკი მგონია, თუმცა მაინც ჩავაგდე, რადგან, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრჯერ დავბრუნდები 😇

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top