თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სასარგებლო რჩევები > “ქოქოსის ზეთი საწამლავია” – რას ამტკიცებს ჰარვარდის პროფესორი?

“ქოქოსის ზეთი საწამლავია” – რას ამტკიცებს ჰარვარდის პროფესორი?

ვერ გეტყვით, რამდენად უნდა ვენდოთ DailyMail-სა და თუნდაც ჰარვარდის პროფესორს, რომელმაც ეს ხმამაღალი განცხადება უბრალოდ ლექციაზე გააკეთა, მაგრამ ალბათ ურიგო მაინც არ იქნება, ქოქოსის ზეთის შესახებ ორიოდე განსხვავებული აზრიც ვიცოდეთ.

დოქტორი კარინ მიშელსმა, რომელიც ჰარვარდის T.H. Chan-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორი და ფრაიბურგის უნივერსიტეტის კიბოს კვლევის ცენტრის ხელმძღვანელია, 50-წუთიან ლექციაზე ამ თემას საკმაო დრო დაუთმო. აუდიტორიას მან უთხრა, რომ “ქოქოსის ზეთი სუფთა საწამლავია” და “ეს ერთერთი ყველაზე ცუდი საკვებია, რაც შეიძლება მიიღო”.

ქოქოსის ზეთი გაპოპულარულდა, როგორც ცხიმი, რომელიც “დანაშაულის გრძნობის გარეშე” შეგიძლია მიირთვა, თუმცა ამერიკის გულის ასოციაციამ მომხმარებლებს მისი შეზღუდულად მოხმარება ურჩია. კარდიოლოგებმა იციან, რომ მართალია ის გემრიელია, მაგრამ მისი ხავერდისებური ხარისხი მაინცდამაინც არ უხდება ჩვენს არტერიებს.

დოქტორი მიშელსი ამბობს, რომ ქოქოსის ზეთი ღორის მუცლის ქონზე უარესია (მუცლის ქონის პოპულარობამ პიკს გასული საუკუნის 50-იან წლებში მიაღწია, დღეს კი მას ამერიკაში მხოლოდ ბებიების თაობა თუ მოიხმარს).

2016 წ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა 70% სჯერა, რომ ქოქოსის ზეთი ჯანსაღი პროდუქტია, ხოლო ბევრი მიიჩნევს, რომ ის ერთერთი ყველაზე ჯანსაღი ზეთია.

ქოქოსის ზეთის აღმასვლა 2000-იანების დასაწყისში დაიწყო კოლუმბიის უნივერსიტეტის ორი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ. კვლევის მონაწილეები, რომლებიც საშუალო-ჯაჭვიან ცხიმოვან მჟავებს იღებდნენ (როგორიცაა ქოქოსის ზეთი), ცხიმს უფრო მალე წვავდნენ.

რა გასაკვირია, რომ კვლევის შედეგების გამოქვეყნებისთანავე ქოქოსის ზეთის პოპულარობამ იფეთქა. მომხმარებლებმა რასაკვირველია ყურადღება არც მიაქციეს იმას, რომ ქოქოსის ზეთი ამ ტიპის ცხიმოვანი მჟავების მხოლოდ 14%-ით ამარაგებს ადამიანს, კვლევის მონაწილეები კი 100%-ით მხოლოდ ასეთ ცხიმებს იღებდნენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ალბათ აჯობებს ყველაფერი ზომიერად მოვიხმაროთ, მათ შორის ქოქოსის ზეთიც (მაგალითად, მაკიაჟის ჩამოსაცილებლად, ჩემსავით) და დავიჯეროთ, რომ უკვდავების წყალი არ არსებობს.

 

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top