თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > უგემრიელესი გოზინაყი კვახის კაკლით

უგემრიელესი გოზინაყი კვახის კაკლით

ახლა გაგიზიარებთ როგორ გააკეთოთ საოცარი გოზინაყი, უნიგვზოდ.

ნიგვზის გოზინაყი უპირობოდ გოზინაყთა მეფეა, მაგრამ ვინ გვიშლის სხვანაირიც გავაკეთოთ? აქვე გეტყვით, რომ მზესუმზირითაც ვცადე და დიდი ვერაფერი. კარგი საკნატუნო რამეა, მაგრამ ხალვის გემო აქვს, ახალი და საინტერესო არაფერია. აი გოგრის თესლით, ანუ როგორც დასავლეთ საქართველოში იტყვიან – კვახის კაკლით და გნებავთ “წერეთლის მწვადებით” ნამდვილად ღირს გაკეთება.


დაგჭირდებათ:

კვახის კაკალი ანუ გოგრის თესლი, დარჩეული, მთელ-მთელი – 300 გრამი

თაფლი – 100 გრ

შაქარი – 2 ან 3 სუფრის კოვზი

დარიჩინი 1/4 ჩაის კოვზი და ფორთოხლის ცუკატები ან ლიმონის ცედრა (აუცილებელი არ არის, უამისოდაც შეიძლება) – 2 ჩაის კოვზი

წვრილი მარილი – 1/4 ჩაის კოვზი

მომზადება:

მსუბუქად მოხალეთ კაკლები და გააგრილეთ. კანის გაცლა და სულის ბერვა არ უნდა.

სქელძირიან ტაფაზე დაყარეთ შაქარი და დაბალ ცეცხლზე გაადნეთ.

დაამატეთ თაფლი, დარიჩინი, მარილი და ფორთოხლის ცუკატები ან ლიმონის ცედრა (გამხმარი) ან ორივე ერთად და კარგად ურიეთ რამდენიმე წუთი. ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ.

ისევ შედგით ცეცხლზე, როგორც კი წამოდუღდება, ჩაყარეთ გოგრის თესლი და ამოურიეთ კარგად. 1 წუთიც ადუღეთ და თუ კარგად შეიკრა, გადმოიტანეთ მთელი მასა პერგამენტის საცხობ ქაღალდზე და გააბრტყელეთ. სანამ ცხელია კარგად არ გაბრტყელდება, დაელოდეთ შეგრილებას და უფრო კარგად გააბრტყელებთ ოდნავ დასველებული დანის ზედაპირით.


სანამ ბოლომდე გაცივდება, დაჭერით რომბებად ან კვადრატებად. კარგად გაცივებული კი ააცალეთ ქაღალდს მარტივად და გადაიტანეთ დაფაზე ან თეფშზე, როგორც გენებოთ.


შეგახსენებთ, თაფლი მზადაა თუ არა ტაფიდან გადმოსატანად, მოწმდება ასე: ერთ წვეთს ასხამთ ცივი წყლით სავსე ჭიქაში. თუ ძირამდე წვეთმა ფორმა შეინარჩუნა, გოზინაყი მზადაა გასაბრტყელებლად.

გემრიელად მიირთვით! ❤️

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top