თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Uncategorized > სად არ უნდა ჭამოთ: Sake Sushi Bar

სად არ უნდა ჭამოთ: Sake Sushi Bar

მელნიკოვას ბინძური დუქნის ისტორია ალბათ ყველას გახსოვთ. ამჯერად ბინძურზე არა, მაგრამ ცუდ მომსახურებაზე ისევ უნდა მოგახსენოთ.

ამასწინათ თანამშრომლებმა ლანჩზე პეროს გაშრიალება და სუშიზე სადმე გადარბენა გადავწყვიტეთ. შესვენებაზე დიდი დროის დახარჯვა არავის უნდა და ჩვენც გადავწყვიტეთ წინასწარ ტელეფონით შეგვეკვეთა და დრო დაგვეზოგა.

რა გასაკვირია, რომ სუშის რესტორნების უმეტესობას საიტსა თუ ფეისბუქზე ლანჩის შემოთავაზებები ედო, მაგრამ რა შედიოდა ამ ლანჩში – არ ეწერა.

ამ ნიშნით შედარებით წინ წასული Sake Sushi Bar აღმოჩნდა და ჩვენც იქ დავრკეთ.

პირველი სახტად დარჩენა ტელეფონზე გაცემულმა პასუხმა გამოიწვია. მზარეულები 12:00დან მოდიან და 11:30ზე შეკვეთას ვერ მივიღებთო (შეკვეთის ჩაწერა მხოლოდ მზარეულებს შეუძლიათ ვითომ?). არადა, ლანჩის დრო 12:00დანო, უწერიათ აშკარად.


სანამ ახალი ადგილი შევარჩიეთ, 12:00იც მოვიდა, ხელახლა დავრეკეთ და შეკვეთაც მივეცით.

ადგილზე მისულს პირველი თვალში ალაგ-ალაგ ჩამოგლეჯილი ფარდები და ზედმეტად შინაურული გადი-გამოდი მომხვდა.

სუში მალე მოიტანეს, პატარა ხის დაფებით. მაგიდაზე დადებისას უცნაურად გამოწყობილ მამაკაცს (პროფილაქტიკის მენეჯერს უფრო შეესაბამებოდა მისი ტყავის “ბეზრუკავკა” და ჯინსის შარვალი, ვიდრე სუშის რესტორნის მენეჯერის ან გნებავთ – მიმტანისას), ერთ სუში დაფიდან გადმოუვარდა და ჩემს თანამშრომელს დაეცა. უცნაური ის იყო, რომ თავად უფრო გაცხარდა, ვიდრე დაზარალებული. ბარს იქით მდგარ მზარეულს ხმამაღლა და უხეშად აუყვირდა, რით ვერ ისწავლე, წესიერად უნდა “დააწებო”, რომ არ გადმოვარდესო. უხერხულობისგან გავისუსეთ.


ამასობაში დარბაზში ადგილისათვის შეუსაბამოდ ჩაცმული კიდევ ერთი ადამიანი, ამჯერად ქალბატონი შემოქოთქოთდა, ქოთქოთითვე მიიღო შეკვეთა გვერდით მაგიდასთან და ქოთქოთითვე გადმოგვძახა პასუხი რაღაც კითხვაზე ოთახის მეორე ბოლოდან.

უნდა ითქვას, რომ სუში გემრიელი იყო. შეიძლება ჩვენ გვშიოდა, მაგრამ იქ და იმ წუთას პრეტენზია არავის გამოგვითქვამს. სამაგიეროდ მენიუში 1,5 ლარად მითითებული კოკა კოლა 3 ლ აღმოჩნდა და ეგ ახალი მენიუა გენაცვალე, ყურადღება არ მიაქციოთ რა წერიაო, ტყავის “ბეზრუკავკიანმა”.


ის იყო წასასვლელად ვემზადებოდით, რომ ანამ ყელში უცნაური ქავილი თუ სპაზმი იგრძნო დასასწრაფოდ მიმტანს დაუძახა: ეს სუში კრევეტებს ხომ არ მიედო კეთების პროცესშიო.

საქმე იმაშია, რომ კრევეტები (შრიმფები) თურმე ერთერთი ყველაზე ალერგიული პროდუქტია. თუ ალერგია არ გაქვს, რა თქმა უნდა მშვიდად შეგიძლია მიირთვა, მაგრამ თუ ალერგიული ხარ (და ასეთი მაგალითად ამერიკაში 7 მლნ ადამიანია), გარანტირებულად საავადმყოფოში მოხვდები, რადგან ეს ის ალერგიაა which sends more people to the hospital than any other type of allergies-ო.

მიდებას ვინ ჩივის. პატივცემულმა მიმტანშამ მშვიდად გამოგვიცხადა, რომ კრევეტებიც ერია ერთერთი სახეობის როლში. ხოლო კითხვაზე, თუ მენიუში რატომ არ ეწერა, მხრები აიჩეჩა, ეგ ლანჩმენიუა და ყველაფერი ხომ არ ეწერებაო.

საკე სუში ბარიდან სასწრაფოდ წამოვედით, ისე რომ წამლის დასალევად წყლის მოწოდებაზეც კი არავის შეუწუხებია თავი.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ანამ ის დღე საავადმყოფოში გაატარა. არ იფიქროთ, პანიკის გამო. როცა არც სუპრასტინმა და არც დექსამეტაზონის ინექციამ უშველა, აფთიაქში მისულს სასწრაფო გამოუძახეს, ვიდრე სუნთქვაც შეეკვრებოდა. საბოლოოდ გადასხმებით და ინჰალაციით დამარცხდა ალერგია.

ალბათ ვინმე იფიქრებს, როცა ალერგია გაქვს თავად უნდა გაფრთხილდე და მოიკითხოო. არის ამაში რაღაც ლოგიკა, მაგრამ როცა მენიუში კითხულობ და უკვეთავ ორაგულის კერძს და რატომღაც მასში კრევეტებიცაა შერეული (თითქოს ძალიან იაფი იყოს) და ამის მითითების საჭიროებას ვერც ხედავს პატრონი… უფრო მეტიც, არც კი იცის, რომ მისი პროდუქცია ამდენად ალერგიულია (ზღვის პროდუქტებზე პროფილირებულ რესტორანზეა საუბარი), ეს ნამდვილად პრობლემაა, თან იმ სრულ ბუკეტში, რა სიტუაციაც იქ დაგვხვდა.

ასეთები გაკოტრებისთვისაც არ მეცოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top