თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სტუმრის ბლოკი > ინტერვიუ > ოსაკაში ქართული ღვინის ბარ-რესტორანი გაიხსნა

ოსაკაში ქართული ღვინის ბარ-რესტორანი გაიხსნა

სულ რამდენიმე დღის წინ იაპონიაში, ოსაკაში ქართული ღვინის ბარ-რესტორანი გაიხსნა. ქართული გემო და იაპონური სტილი თურმე ერთმანეთს მშვენივრად ეხამება. ამ ყველაფრის შესახებ მარიამ ინაბასგან გავიგეთ და ის დღეს ჩვენი ბლოგის სტუმარია.

საიდან სად?

– მე მარიამ ინაბა ვარ,  ერთ დროს – მარიამ ბეჟანიშვილი 😀

იაპონიაში 2013 წელს, იაპონიის განათლების სამინისტროს პროგრამით, სრული დაფინანსებით მაგისტრატურაზე სასწავლებლად ჩამოვედი.

თავიდან თავი სამოთხეში მეგონა. ყველა წესრიგს იცავდა, ტრანსპორტი განსაზღვრულ დროზე მოდიოდა, ქუჩები სუფთა იყო, ფეხსაცმელი მგონი ალბათ სულ 3-4ჯერ მაქვს გაწმენდილი 😂

რამდენიმე თვის მერე ცოტა სხვა მხარეების შემჩნევაც დავიწყე. კიოტოში სადაც მე ვცხოვრობ, ცოტათი ცივი ხალხია, უცხოელების მიმართ არც ისე დადებითად განწყობილები არიან. ახლაც ხშირად გამიზნულად მეჯახებიან ასაკიანები სუპერმარკეტში კალათით. საოცარი სახით შემომხედავენ ხოლმე. კიოტო დედაქალაქი რომ იყო აქაური მაცხოვრებლები ძალიან ამაყები არიან და საკუთარი თავი კიოტოს პატრონები ჰგონიათ ))) ბევრი ცუდი თუ კარგი გამოცდილება მივიღე, მაგრამ ახლა უკვე მეხუთე წელია რაც აქ ვარ და აღარ მიჭირს. ხშირად მეუბნებიან იაპონელზე მეტად იაპონელი ხარო )))

იაპონიაში სასწავლებლად წასვლიდან ქართული რესტორნის გახსნის გადაწყვეტილებამდე…

რაც აქ ჩამოვედი, სულ მინდოდა რაიმე ქართულის გაკეთება. ყოველთვის როცა მეკითხებოდნენ საიდან ვარ და ვეუბნებოდი ქვეყნის სახელს ან ამერიკის ჯორჯია ეგონათ ან რუსეთი. შესაბამისად, ძალიან დავიღალე ახსნით და ვოცნებობდი რამე ისეთი შემექმნა, რომ ჯორჯიას რომ ვეტყოდი კითხვა აღარ შემოებრუნებინათ.

ჩემი უფროსი მე და ჩემმა მეუღლემ ტოკიოში აპრილში გავიცანით. გვითხრა, რომ ქართული ღვინის ბარ-რესტორნის გახსნა უნდოდა. ჩვენც იგივე სურვილი გვქონდა, უბრალოდ ჯერ იმდენი საშუალება არ იყო, არც გამოცდილება გვქონდა და თავს ვიკავებდით. ჩემს უფროსს ქართული ღვინო ჰქონდა შეძენილი და ჩვენც შევუერთდით ამ კარგი იდეის განხორციელებაში.

ღვინოს აქ დიდად არ სვამენ როგორც მე შევამჩნიე. უფრო მეტად ლუდი და ნიჰონშიუ, იგივე საკე უყვართ. ქართული ღვინო რამდენიმე სახეობის იყო, მაგრამ იმდენად არაა ცნობილი,რომ მაღაზიაში რომ წავა ვინმე მაინცდამაინც ქართული ღვინის საყიდლად მივიდეს. თან ყველგან არც იყიდება. ალბათ ყველაზე მეტი სახეობა ტოკიოშია. ვფიქრობ ქართული ღვინო ნელ-ნელა დაიწყებს ფესვების გადგმას და მალე ცნობილიც გახდება.

ქართული კერძები და იაპონური გემოვნება…

ზოგადად, აქ როცა ქართულ საჭმელს ვაკეთებ, ისეთივე გემო არ აქვს როგორც საქართველოში, სულ რომ ყველანაირი წესის დაცვით გააკეთო, მხოლოდ იმიტომ, რომ აქაური ბოსტნეულის, ხორცის და წყლის გემო სხვანაირია. შესაბამისად, გარკვეულწილად გემო უკვე აქაურს მორგებული გამოდის.

ვიცი, რომ იაპონელებს ძალიან უჭირთ ახალი კულტურის, ახალი კერძების მიღება, გასინჯვა და მერე მათი საკუთარი კვების რაციონში შეტანა. უმეტესობას არ უყვარს მწვანილი, განსაკუთრებით ქინძი. არ უყვართ საჭმელთან “ბრძოლა”. შესაბამისად შქმერული, რომელშიც წესით მთლიანი ქათამია თავისი ძვლებით, ვცადე ძვლების გარეშე გამეკეთებინა, ნიორიც გატარებულია, რომ პირში ცუდად არ მოხვდეთ.


ხარჩო, რომელსაც ნიგოზი აქვს და მწვანილები შიგნით, მე ამ საკმაზებს ცალკე პტარა თეფშით ვურთავ და ა.შ. რესტორანში გვაქვს ქართული კულინარიის წიგნი იაპონურად და ინგლისურად. ასევე ღია სამზარეულოა და როცა სტუმარს კერძს ვაწვდი თან ვუხსნი, რომ საქართველოში ამ კერძებს ყველაფერი შიგნით აქვს ჩაყრილი, მაგრამ თქვენთვის უფრო მარტივი საჭმელი რომ ყოფილიყო, ასე გაგიმზადეთთქო. ძალიან სიამოვნებთ და დარწმუნებული ვარ ასეთი სტუმარი კიდევ მოვა.

მე თბილისში იაპონური სამზარეულოდან სუში მაქვს მხოლოდ ნაჭამი და ნუ პირველი, რაც გულზეც მხვდება და თვალშიც – თევზი არაა “ფრეში”. მესმის, ვერც იქნება იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვიჭერთ სუშის თევზს. ერთ-ერთ იაპონურ რესტორანში შევიჭყიტეთ შარშან და ისეთი მენიუ დაგვხვდა, იაპონური სუშის მეტი მართლა არაფერი იყო ))) კალიფორნია როლები და ასე შემდეგ, აქ საერთოდ არ შეგხვდებათ. ასეა, ძალიანაც რომ მოუნდეს ადამიანს ზუსტად ისეთ საჭმელს ვერ გააკეთებს სხვა ქვეყანაში, მითუმეტეს იაპონიაში ქართულს და იაპონურს საქართველოში.


ჯერ ოფიციალურად არ გავხსნილვართ. 16 აგვისტოს ვიხსნებით.

27 ივლისს გვყავდა პირველი სტუმრები, ვინც დაგვეხმარა, ისინი დავპატიჟეთ, ბოლოს კითხვარი შევავსებინეთ და რომ გავაცილეთ ყველამ ერთად წავიკითხეთ. საჭმელი ყველას მოეწონა! რა თქმა უნდა იყო ღვინოც. მეორე დღეს უკვე 20 სტუმარი გვყავდა, გავუმკლავდით ამასაც და აწი მგონი აღარაფერი გაგვიჭირდება. კითხვარებსაც გადავხედე, განსაკუთრებით შქმერული, ფენოვანი ხაჭაპური და სოკო ყველით მოეწონათ. სალათიც კახური ზეთით და სვანური მარილით.

10 აგვისტოს ჩათვლით უფროსის ნაცნობები, პარტნიორები და ჩვენი მეგობრები გვესტუმრებიან, გამოსაცდელი პერიოდი გვაქვს. გავიგებთ ყველაზე მეტად რა მოსწონთ და 16 აგვისტოდან გავუშვებთ მენიუში.

რესტორნის სამზარეულოში მუშაობა ჩემი ოცნება იყო, აქ კიდევ თეფშების რეცხვით უნდა დაიწყო და რამდენიმე წელში გადაგიყვანენ სამზარეულოში. ამიტომ განვიცდიდი ძალიან, ზოგადად უცებ მინდა მე ყველაფერი ))) ჰოდა, ასე უცებ აღმოვჩნდი შეფის პოზიციაზე. გამოუცდელი შეფი ვარ, მაგრამ 100% დარწმუნებული, რომ ყველაფერი გამომივა და დიდ წარმატებას მივაღწევთ მე და ჩემი გუნდი!

31.07.2017

ბლოკის მასპინძელი: Ekaterine O Niani

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top