თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ეს საინტერესოა > მარიამი – ქართველი შეფმზარეულის შედევრები ინგლისიდან

მარიამი – ქართველი შეფმზარეულის შედევრები ინგლისიდან

ამ ფოტოებზე არც მეტი, არც ნაკლები, ჯანჯაფილის საახალწლო ქოხია, რომელიც თავიდან ბოლომდე შეგიძლიათ შეჭამოთ, ოღონდ თუ ინგლისში ჩახვალთ და მარიამს (მერის) ესტუმრებით.

მოჩვენებათა ქოხი დანისთვის (შვილი) თავად გამოაცხო, მოხატა, ფოტოებიც თავად გადაიღო და ეს პატარა მულტფილმიც:

ის, რასაც მარიამის ხელები ქმნის ერთი პოსტისთვის ძალიან ბევრია, დასაწყისისთვის მისი ნამუშევრებიდან კულინარიულ შედევრებს გაგაცნობთ. დანარჩენზე სხვა დროს მოგიყვებით.

საკუთარ თავზე მარიამი თვითონ გვიამბობს:

“პირველად საქართველო 2000 წელს დავტოვე. წავედი გერმანიაში სასწავლო და სამუშაო პროგრამით. საქართველოში დაბრუნებიდან 1 წლის შემდეგ ესპანეთში წავედი, სადაც გავიცანი ჩემი მეუღლე.

ი.ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა ინსტიტუტი დავამთავრე, მაგრამ ჩემი ინტერესი დღემდე იყო და არის ხელოვნება: ვხატავდი, ვადგენდი ტანსაცმლისა და აქსესუარების დიზაინს.. ვქარგავდი.. ვქსოვდი.. ცოტას ვძერწავდი..

ახლახანს თოჯინების კეთებამაც გამიტაცა.

მამა მხატვარი მოქანდაკეა და ალბათ მისგან მერგო ნაწილობრივ ამ ყველაფრის ნიჭი და ინტერესი… ფოტოგრაფია ყოველთვის მაინტერესებდა, დღესაც კი. მახსოვს, მამაჩემი ჩააბნელებდა ოთახს და შავ-თეთრ ფოტოებს ამჟღავნებდა. შემდეგ გასაშრობად გაბმულ თოკზე კიდებდა. ალბათ 4 წლის ვიქნებოდი ამ დროს.

ესპანეთში ჩასვლის შემდეგ ფოტოგრაფიას დიდ დროს ვუთმობდი. დავდიოდი, ვმოგზაურობდი შეძლებისდაგვარად და ვიღებდი ფოტოებს. 2007 წელს ჩემი 3 ფოტო წლის საუკეტესო ფოტოდ აღიარეს. გამახარა და სტიმულიც მომეცა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო მომიწია თავის დანებება.

ფოტოგრაფიიდან კულინარიაში

ჩემი მოხვედრა კულინარიაში არ ყოფილა დაგეგმილი. ოჯახში მეუბნებოდნენ არაფრის გაკეთება არ იციო :))) პირველი სუპი 13 წლის ასაკში გავაკეთე. დღესაც მახსოვს მისი გემო.. უგემრიელესი )) მაგრამ არ დავინტერესებულვარ სხვა კერძებით, რადგან დედა ძალიან კარგი მზარეული იყო და თავად გვიმზადებდა ყველაფერს. მე კი სანამ მარტო არ დავიწყე ცხოვრება და მეუღლისთვის არ მომიწია გაკეთება, მანამდე ხელს არაფერს ვკიდებდი.

მეუღლე ესპანელი მყავს და ქართული კერძები მისთვის ციტა მძიმე საჭმელია. ამიტომ მომიწია ესპანური კერძების შესწავლა. ორსულობის პერიოდში, როცა ვეღარ დავდიოდი გადასაღებად, სახლში ვამზადებდი სადილს და მერე ვუღებდი. ასე ვიკმაყოფილებდი ფოტოს გადაღების სურვილს :))

ვყიდულობდი უამრავ ჟურნალებს , წიგნებს, ვკიტხულობდი ინტერნეტში ესპანური კერძების მომზადების შესახებ. შემდეგ ვცდილობდი მომემზადებინა. ბევრჯერ დამიწვია, არ გამომსვლია, მაგრამ მაინც გამიკეტებია სანამ საუკეთესო არ გამოსულა.

მახსოვს ფრანგული დესერტის – მაკარონების ამბავი. თეორიულად თითქოს ადვილია, მაგრამ პრაქტიკულად უამრავი პატარა დეტალია გასათვალისწინებელი, რომ იდეალური გამოგივიდეს. ჰოდა ბევრი ცდისა და დაკვირვების შედეგად დღეს უკვე არაჩვეულებრივი მაკარონები გამომდის :)))

ნაბიჯები პროფესიონალიზმისკენ

ესპანეთში ჩემს მეუღლეს ჰქონდა სასტუმრო თავისი პატარა რესტორნით. ვთხოვე ერთხელ გამესინჯა მისი მზარეულების კერძები. არ დაგიმალავთ, ვერ ვჭამე.. დილით საუზმეზე ჩავარდნილი კექსები.. :)) ვთხოვე, რომ მე გავაკეთებდი ერთხელ საუზმისთვის კექსს. გავაკეთე ერთხელ, ორჯერ… მერე თავად იქაური მზარეული მთხოვდა გამეკეთებინა მათთვის, რადგან კარგი გამომდიოდა.. ასე გაგრძელდა 3 თვე, ყოველდღიურად. საბოლოოდ ვუთხარი ჩემს მეუღლეს, რომ ოფიციალურად დავიწყებდი სამზარეულოში მუშაობას.

ასეც მოხდა. 1 კვირაში მათი თანამშრომელი გავხდი… შემდეგ ვთხოვე გამეკეთებინა მენიუს კერძებიც… მახსოვს, როცა თავად რაიონის მერი (გამგებელი) შემოვიდა და მადლობები მიხადა ჩემი ახალი კერძის ასე გემრიელად მომზადებაში.

ნებისმიერს, რასაც გავამზადებდი ჩემი მუშაობის დროს, ბოლომდე მიირთმევდა სტუმარი. მადლობებსაც მითვლიდნენ. რა თქმა უნდა მეამაყებოდა.

პირველი წარმატებები

ერთხელ გამოცხადდა ჩვენს რეგიონში პინჩოების კონკურსი. მთავარი ინგრედიენტი უნდა ყიფილიყო არბიცუს განთქმული ჩისტორა. არ მინდოდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ ბოლოს გამგეობის თხოვნით, მაინც დავთანხმდი. მიყვარს ექსპერიმენტები. და მოვამზადე ჩემი ინტერპრეტაციით კალამარისა და ჩისტორას დუეტი.

დაიწყეს გამარჯვებულების გამოვლენა.. მესამე ადგილი.. მეორე ადგილი.. ჩავიქნიე ხელი. ვიფიქრე რადგან მესამე და მეორე არ მერგო, პირველს ვერ ვიოცნებებთქო, მაგრამ ავიღე პირველი ადგილი. მოულოდნელი იყო. ძალიან ბედნიერი ვიყავი. პამპლონის ერთ ერთი პოპულარული რესტორნის მთავარი შეფი მოვიდა პირადად და აღრფთოვანებას ვერ მალავდა, საიდან მოვიფიქრე ერთმანეთთან შერწყმა და ასეთი ტექსტურის მიღება.

ამ ყველაფერმა მეტი თვითდაჯერებულობა შემმატა. ბევრს ეგონა, რადგან ქართველი ვიყავი ვერ მოვამზადებდი მათ კერძებს. მაგრამ ძალიან ცდებოდნენ :))

ინგლისში ცხოვრება და მიშელინის ვარსკვლავი

ამჟამად ვცხოვრობ ინგლისში. ესპანეთთან შედარებით აქ განსხვავებული მუშაობის სტილია, ყველა თავის საქმეს აკეთებს. ჩამოსვლისთანავე დავიწყე დესერტების სექციაში მუშაობა. ვმუშაობდი მანჩესტერის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში. 6 თვის მუშაობის შემდეგ შევიცვალე და დავიწყე მუშაობა, როგორც მთავარმა კონდიტერმა. იმ დროს ის რესტორანი ჩვენ, პირველმა გუნდმა გავხსენით. ყოველდღიური 16 საათიანი თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ, 3 თვეში აღიარეს ინგლისის ტოპ 20ია საუკეთესო რესტორნად.. მივიღეთ სხვადასხვა ტიტული, მათ შორის მიჩელინიც. შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი 🙂

წელიწადზე მეტია ვარ ერთერთი პრესტიჟული სასტუმროს (Holiday Inn) მთავარი კონდიტერი. გვიწევს ბევრი მუშაობა. არაა ადვილი იყო შეფი და როცა პასუხისმგებლობა შენ გაკისრია, საჭიროა მუშაობა, სწორად ორგანიზება და ყოველთვის სულ ახლის ძიებაში ყოფნა ..

ინგრედიენტების შერევა არ ნიშნავს იყო შეფი. უნდა იგრძნო და მოეფერო თითოეულ ინგრედიენტს და ამ დროს ყველაზე მცირედითაც კი უგემრიელესი კერძი მომზადდება :))

ჩემი ბედნიერებაა როცა ვხედავ სტუმარი რიგორ იღებს სიამოვნებას ჩემს მიერ მომზადებული კერძით.

კონდიტერია და ხელოვნება

ვცდილობ ჩემი ხელოვნების სიყვარული კონდიტერიაში გამოვიყენო.. ამიტომ ხშირად “აბსტრაქტულ” დესერტებს ვქმნი :)))

მიყვარს განსხვავებულის შექმნა.

ახალ მენიუც ჩემი ექსპერიმენტებითა და ინტერპრეტაციით იქნება 🙂

მიყვარს ჩემი უკვე პროფესიად ქცეული საქმე.

მუშაობის დროს ვმშვიდდები.

მარიამი

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top