სახლში მომზადებული მაიონეზი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სხვადასხვა > სახლში მომზადებული მაიონეზი

სახლში მომზადებული მაიონეზი


სახლში მაიონეზის გაკეთება უმარტივესი აღმოჩნდა, თუმცა ეს აქამდე არასდროს მიცდია, რატომღაც. ზუსტი რეცეპტი ვეღარ ვიპოვე როცა დამჭირდა, ამიტომ მეხსიერებაში აღვიდგინე და ვარაუდით გავაკეთე. ექსპერიმენტმა გაამართლა. გადავწყვიტე აქაც დავწერო ჩემი ვერსია, იქნებ ვინმეს გამოადგეს.

  • 1 კვერცხი (მთლიანი)
  • 150 მლ ზეთი
  • 1/2 ჩ.კ მდოგვი, სასურველია დიჟონის
  • 1 ს.კ ლიმნის წვენი
  • 1/2 ჩ.კ შაქარი
  • მარილი, შავი პილპილი

ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ კვერცხი, მდოგვი, შაქარი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. დაიწყეთ თქვეფა დაბალ სიჩქარეზე, ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, დაიწყეთ ცოტ-ცოტა ზეთის ჩამატება თქვეფის პარალელურად.მასა თანდათან ხდება კრემოვანი სტრუქტურის და იწყებს გასქელებას. მოუმატეთ სიჩქარეს, თან გააგრძელეთ ზეთის ჩასხმა.
მასა რომ გასქელდება, შეგიძლიათ დარჩენილი ზეთი მთლიანად ჩაასხათ.
მიღებული მაიონეზი გამოიყენეთ სურვილისამებრ, ან შეინახეთ მაცივარში მინის ქილით.
გამოდის დაახლოებით 200მლ, ცოტა მეტიც.
ზეთი გამოვიყენე მზესუმზირის, თქვენი სურვილით შეგიძლიათ ნებისმიერი ზეთი გამოიყენოთ: ზეითუნის, ნიგვზის, სიმინდის… გააჩნია რომელი არომატი მოგწონთ, შესაძლოა აიღოთ ნახევარ-ნახევარი დოზა მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთიც
მე მხოლოდ დიჟონის მარცვლოვანი მდოგვი მქონდა სახლში, ამიტომ მაიონეზს მარცვლები ეტყობა :) თუმცა ეს მომეწონა კიდეც.
გამოვიყენე ხელის ბლენდერი, ალბათ მიქსერითაც გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top