დუკანის ქათმის სალათი უმაიონეზოდ |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > დუკანის ქათმის სალათი უმაიონეზოდ

დუკანის ქათმის სალათი უმაიონეზოდ

დუკანის დიეტა რომ უგულავას დიეტაზე პოპულარულია და არა მხოლოდ საქართველოში, ალბათ მოგეხსენებათ. თუმცა ეს ქათმის სალათა არა მხოლოდ მოდიეტეებს გამოადგებათ.

იცით, რომ ჩვენ მაიონეზი არ გვიყვარს. არა, როგორ არ გვიყვარს, ძალიანაც გემრიელია, მაგრამ მავნე. გამოსავალი სახლში დამზადებული მაიონეზის მოხმარებაა. ამ შემთხვევაში კი უფრო ჯანსაღ პროდუქტს ვიღებთ, მაგრამ კალორიების ზედოზირება მაინც გარდაუვალია.

ჰოდა აი რა გამოსავალი მოვძებნე. ხომ ბევრისთვის ყველასათვის საყვარელი ქათმის დაჩეჩილი ხორცის სალათი რამე სხვით – მაგალითად, 0%-იანი ხაჭოს მუსით გავაკეთოთ ან დაბალპროცენტიანი არაჟნით?

დასაწყისშივე გეტყვით, რომ არა, ისეთივე გემრიელი ნამდვილად არ არის, როგორც მაიონეზიანი, მაგრამ რას ვიზამთ :) მე ასე გავაკეთე, თქვენ თუ გნებავთ მაიონეზით შეკმაზეთ.

მოკლედ, დავიწყოთ.

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე – 1 კგ

კიტრი – 2 ც

სტაფილო – 2 ც

ვაშლი – 1 ც

Danone-ს 0%-იანი ხაჭო ან დაბალპროცენტიანი არაჟანი – 400 გრ.

მწვანილი სურვილის მიხედვით (მე კამა გამოვიყენე, მოუხდება ტარხუნაც)

მარილი, შავი პილპილი, ჯანჯაფილის ფხვნილი (დაფქული კოჭა)

 

მომზადება

პირველ რიგში, ქათმის ფილეს ვასუფთავებთ პლარწი-პლურწებისგან, ვრეცხავთ და ვხარშავთ მარილიან წყალში.

ჯერ კიდევ ცხელი ხორცი შეგიძლიათ ხელით დაჩეჩოთ, ან მულტირობოტის თასში მოათავსოთ და ცომის საზელი ჩართოთ. რამდენიმე წუთში იდეალურად აქცევს მთელ ხორცს ძენძებად (იგივენაირად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი მიქსერი და ზომის სახელი გრეხილი ჩხირები)

შემდეგ დაუმატეთ დახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი მწვანილი, ასევე წვრილად დაჭრილი კიტრი და ვაშლი. მოაყარეთ მარილი, პილპილი და ჯანჯაფილი თვალის ზომით, დაახლოებით 1 ჩაის კოვზამდე თითოეული მათგანი და რაც მთავარია – ხაჭოს მუსი (Danone-ს აქვს მუსად ქცეული ხაჭო) ან არაჟანი.

ამოურიეთ ისევ ცომსაზელით, ან ხელით, როგორც მოგიხერხდეთ.

კიდევ ერთხელ გაუსინჯეთ გემო, თუ მარილი ან სუნელი აკლია, დაუმატეთ და ბოლოჯერ ამოურიეთ.

გადაიტანეთ თეფშზე და მიირთვით დიეტურ პურთან ერთად.

ან როგორც გენებოთ, მთავარია – გემრიელად :)

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top