თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Uncategorized > აჭარული ესკიზები – ლოქორიე

აჭარული ესკიზები – ლოქორიე

ავტორი: ირაკლი ბერიძე

“ჩემს ბავშვობაში, ჩემი საძინებლის ფანჯრის მოპირდაპირედ გზისა და ბაღჩის გასაყარზე სუროთი და ოდესას ვაზის ფოთლებით დაფარული ცვანა ხურმის ხე იდგა, ადრე გაზაფხულზე შიგ ფოთლებში უამრავი ჩიტი დაძრომიალობდა და ყოველ დილას მათი ჭიკჭიკის ფონზე მეღვიძებოდა … ერთხელაც ჩიტების ნაცვლად ხურმის ძირში შექუჩული პატარების ჩოჩქოლმა გამაღვიძა:

– ჭო მისმინე აგერ, აბა რათ უნდა ლოქორიაი იმხელა ბებიას, ხომ არნა ეთამაშოს ჭო დაა… (მეზობლის ბებო დაენახათ ლოკოკინების შეგროვებისას და იმას ეთქვა უნდა ვჭამოო ასთმის წამალიაო ,სოფლის ბალღები კი დაბეჩდენ😁… )

ერთი ნათესავი ბებო ასე შემილოცავდა, როცა გაიგო შაკიკი მაწუხებდა:

დევკავე ორი გველი,
ვადუღე და ვათახთახე,
ვადუღე და ვათახთახე,
შენ შაკიკა ქონია,
დუუმატე ლოქორია,
გაჭამე,გასვი
გასტეხე ნავსი.
ჩიხთი შარი,ჩიხთი შარი.

😁

…ათწლეულები გავიდა…ის ბებიები აღარ არიან ცოცხლები, აცხონოთ ღმერთმა… ჯანმრთელი კვების რესტორნის მენიუს რომ ვადგენდით მე და მეუღლე, რესტორნის მეპატრონეს მოვუყევი ლოკოკინას შესახებ, მას მერე ეს კერძი დიდი მოწონებით სარგებლობდა.

ყურძნის ლოკოკინას ვყრით მდუღარეში 3-5 წუთით, ასე მალე მოცილდება ნიჟარას და ლორწოვანასაც მოიცილებს. ჩანგლით ვაცლით ნიჟარიდან, ვრეცხავთ კარგად, ვხარშავთ ერთი საათის მანძილზე უმარილო წყალში, შემდეგ ერთი საათი მარილიან წყალში.

სოუსი: კარაქში ვთუშოთ ერთი თავი ხახვი, დავუმატოთ ორი კბილი ნიორი, ცოტა ბექონდარა, ცერეცოს მარცვლები და თეთრი ღვინო.

ალკოჰოლი რომ აორთქლდება, ჩავუმატოთ ნაღები ორმოცდაათი გრამი, მარილი და პილპილი გემოვნებით, დავაბლენდეროთ (ჯამში დავსრისოთ) და ამ მასაში ჩავალაგოთ მოხარშული ლოკოკინები.

რეცეპტი საიდან მაქვს? მეზობლის ბებიისაგან, რომელსაც მესხმა ქალმა ასწავლა 😊

იკვებეთ ჯანმრთელი საკვებით, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!❤️”

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top